პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ წევრები 12 მაისს სტიქიური უბედურებების შედეგად მოქალაქეთა დაღუპვის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
როგორც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მამუკა ბალიაშვილმა განაცხადა, მომხდარი არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც სტიქიური უბედურების შედეგი.
„პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა უტიფარი განცხადებები გააკეთეს, რომ თითქოს მსხვერპლი იმან გამოიწვია, თითქოს ხალხი უკანონოდ აშენებულ „გარაჟებში“ ცხოვრობდა. ჩვენ შედეგზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს ვაკისრებთ, ვინაიდან საფრთხეზე მერიას რეაგირება არ მოუხდენია და უკანონო ნაგებობები არ აუღია“ - განაცხადა მან.
პარტიის წევრები სასწრაფო გამოძიების დაწყებას და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.
დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა. „რეგიონებში ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდა და ხალხი იქიდან აღარ უნდა ჩამოდიოდეს. მკაცრი სტანდარტები უნდა დავაწესოთ, რომ აღარავინ სცადოს ხალხის დასახლება გარაჟის უკანა მხარეს და ამით ხელის მოთბობა, რადგან, შესაძლოა, მერე ყველაფერი ტრაგედიით დასრულდეს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
