საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანიბისათვის” მდივანი გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებას პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.
დღეს დეპუტატმა პარლამენტში შიდა ქართლის საჯარო სკოლებიდან დათხოვნილ პედაგოგებთან ერთად ბრიფინგი გამართა.
ცაგარეიშვილის განცხადებით, ნანი ივანაშვილი, მაია ცხადიაშვილი, ქეთევან ხარაზიშვილი, ციცინო ჯავახიშვილი, ია ბჟალავა, მაგული ბესიაშვილი და ცოლ-ქმარი ნოდარ კილაძე და ნათელა ნოზაძე სამსახურებიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მათი მეუღლეები “თავისუფალი დემოკრატების” წევრები იყვნენ.
ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს ქარელში “პრივატბანკის” ყოფილი თანამშრომელი გიორგი ბერუაშვილიც წარუდგინა, რომელიც სამსახურიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ მისი და და დედა პარტია “ქართული ოცნების” პრეზენტაციას ესწრებოდნენ.
გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მასწავლებლებს სკოლების დირექტორები დევნიან, რაშიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს.
ბრიფინგზე ყოფილმა პედაგოგმა ციცინო ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ იგი გორის რაიონის სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის ერთადერთი მასწავლებელი იყო, რომელიც დირექტორმა თამაზ მელანაშვილმა განსხვავებული აზრის გამო გაათავისუფლა.
“მივმართავ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როდესაც საბუნებისმეტყველო საგნებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რა შეიძლება დაერქვას იმას, რომ სკოლაში ბიოლოგიის ერთადერთ მასწავლებელს ათავისუფლებენ“ ? - აღნიშნა ციცინო ჯავახიშვილმა.
ცაგარეიშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე დირექტორმა მელანაშვილმა განმარტა - „ჯავახიშვილი იმიტომ გავათავისუფლე, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უყვარსო”.
დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანების მხარდაჭერას აპირებს.
