პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს ალიანსის ასპირანტი ქვეყნის რანგში განიხილავენ. ამის შესახებ
მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია „ახალი მემარჯვენეებისთვის“ მთავარი საგარეო პრიორიტეტი და ძირითადი მიმართულება იყო, არის და მომავალშიც იქნება.
მისივე თქმით, მას არ აქვს ილუზია, რომ ჩიკაგოს სამიტზე საქართველო სამოქმედო გეგმას (მაპს) მიიღებს ან ნატოში გაწევრიანდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, სამიტზე პირდაპირ გაცხადდეს, რომ საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და არცთუ შორეულ მომავალში ალიანსის წევრი გახდება.
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ 20-21 მაისის ჩიკაგოს სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის არჩევის შემდეგ, ეს ნატო-ს ფორმატში პირველი უმაღლესი დონის შეკრებაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პუტინმაც და რუსეთის ადმინისტრაციამაც ძალიან მკაფიოდ გაიგონ ნატოს წევრი ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოს გაწერიანებასთან დაკავშირებით“-აღნიშნა მან.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ნატოს მხრიდან ყოველი შეფერხება და რუსეთის მიმართ „რევერანსი“ მას საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გააძლიერებისკენ წააქეზებს.
„პუტინმაც და მედვედევმაც ღიად თქვეს, რომ 2008 წლის აგრესია საქართველოს ნატო-სკენ სვლის შეჩერებას უკავშირდებოდა“ - აღნიშნა გამყრელიძემ.
“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უტოპია არ არის და მალე ის რეალობად იქცევა.
ნატოს სამიტი ჩიკაგოში 20-21 მაისსაა დაგეგმილი.
