პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა
პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა
14:38 14.05.2012
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, საგანგებო თათბირზე თბილისის მერს გიგი უგულავას და ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს, დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება დაავალა.
მისი განცხადებით, სახელმწიფომ უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას მატერიალური დახმარება სასწრაფოდ უნდა აღმოუჩინოს.
„დუშეთში, ლაგოდეხსა და გურჯაანში ზოგიერთ ოჯახს სტიქიამ ყველაფერი გაუნადგურა. ამიტომ, ახლა ზოგადად კომისია კი არ უნდა შევქმნათ, კონკრეტულად უნდა ვთქვათ, როგორ ვიმოქმედოთ, რომ ყველაზე დაზარალებულ ოჯახებსა და ყველაზე გაჭირვებულ ხალხს სახელმწიფომ რაღაც მაინც აუნაზღაუროს. მათთვის ბევრად მეტის გაკეთება მინდა, მაგრამ ჩვენი რესურსები შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, დავთვალოთ ყველაფერი და უახლოეს დღეებში რაღაცით მაინც დავეხმაროთ. სწორედ ამისთვის არსებობს სამთავრობო ფონდი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ე.წ. ბარაკის ტიპის დასახლებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათგან თბილისი უნდა გათავისუფლდეს.
„რეგიონებში ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდა და ხალხი იქიდან აღარ უნდა ჩამოდიოდეს. მკაცრი სტანდარტები უნდა დავაწესოთ, რომ აღარავინ სცადოს ხალხის დასახლება გარაჟის უკანა მხარეს და ამით ხელის მოთბობა, რადგან, შესაძლოა, მერე ყველაფერი ტრაგედიით დასრულდეს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება სამაშველო სამსახურების საქმიანობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი დროული და ეფექტური მუშაობით უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ქალაქის ბიუჯეტს გარკვეული რეზერვი აქვს, თუმცა, ინფრასტრუქტურის აღსადგენად საჭირო იქნება ცენტრალური მთავრობის დახმარება.

ბეჭდვა