საქართველო ჩიკაგოში ნატო-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ქართული მხარე ჩიკაგოში არა მხოლოდ ერთ ღონისძიებაში - ნატო-ს წევრი ქვეყნების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
„მონაწილეობას მივიღებთ ფორმატში 28+4, რაც გულისხმობს ალიანსის წევრი ქვეყნებისა და ოთხი ასპირანტის, რომელშიც საქართველო მოიაზრება, შეხვედრას. ასევე, იგეგმება ISAF-ის ფარგლებში სხდომა. უმნიშვნელოვანესია ალიანსის ძირითად ქვეყნებს შორის შეხვედრა. ჩვენ ყველა ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას“ - განაცხადა კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს რეალისტური მოლოდინი აქვს.
„ვიცით, რომ ეს არ არის ნატო-ს გაფართოების სამიტი, თუმცა, ველით საქართველოს პროგრესის აღიარებას. არ გადაიხედება დღემდე მიღწეული პირობები და წინადადებები. საქართველო პირდაპირ მოიაზრება როგორც ალიანსის ასპირანტი სახელმწიფო“ - განაცხადა მან.
ჩიკაგოში ნატო-ს სამიტი 20-21 მაისს გაიმართება.
