„ლეიბორისტები“ წყალდიდობის გამო 5 ადამიანის დაღუპვაში გიგი უგულავას ადანაშაულებენ
„ლეიბორისტები“ წყალდიდობის გამო 5 ადამიანის დაღუპვაში გიგი უგულავას ადანაშაულებენ
14:08 14.05.2012
ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო, 5 ადამიანის დაღუპვაში „ლეიბორისტები“ თბილისის  მერს გიგი უგულავას ადანაშაულებენ და მის პასუხისგებაში მიცემს მოითხოვენ.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერნეციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

გუგავას ინფორმაციით, მერმა საკანალიზაციო-საკოლექტორო სისტემის რეაბლიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ათეულობით მილიონი ლარი მიითვისა, რის გამოც, თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ტრაგედია გამოიწვია.

„გაუმართავ საკოლექტორო-საკანალიზაციო სისტემას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა და ასეულობით ოჯახი დაზარალდა, რის გამოც უგულავა პასუხისგებაშია მისაცემი“- განაცხადა გუგავამ.

მან პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებისკენ მოუწოდა.

„მივმართავთ მილიარდერ სააკაშვილსა და ივანიშვილს ბრტყელ-ბრტყელი დაპირებების ნაცვლად, დაზარალებულ მოსახლეობას პირადი ანგარიშებიდან დაეხმარონ“- აღნიშნა გუგავამ.

12 მაისს ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში 5 ადამიანი დაიღუპა - 85 წლის ქალი, გორის რაიონიდან თბილისში სტუმრად მყოფი დედა 2 მცირეწლოვანი შვილით და მათი მასპინძელი დიასახლისი.

ბეჭდვა