ძიძიგური - გარეჯის ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტერში შესვლა აიკრძალა
ძიძიგური - გარეჯის ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტერში შესვლა აიკრძალა
13:40 14.05.2012
დავით გარეჯის ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტერთან მოსახლეობის, ტურისტებისა და მომლოცველთა შესვლა აკრძალულია. ამის შესახებ განცხადება კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ამ საკითხის ადგილზე გასარკვევად, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ის კოალიციის ერთ-ერთ წევრთან სოზარ სუბართან ერთად დავით გარეჯში იმყოფებოდა, თუმცა, ქართველი მესაზღვრეებისგან ვერანაირი პასუხი მიიღეს.

ძიძიგურის განცხადებით, მონასტერში სიტუაცია 6 მაისის ანუ მას შემდეგ შეიცვალა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ამ ადგილზე გარეშე პირები აღარ შეუშვეს. მისივე განცხადებით, საუბარი საზღვრის დემარკაციის საკითხზე მომუშავე პირებთან შედგა, თუმცა, კითხვები უპასუხოდ დარჩა.

„საინტერესოა რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ხელისუფლებამ ხალხის ზურგს უკან და რატომ არა აქვს მომლოცველს იქ შესვლის უფლება“ - განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და ხელისუფლებას მოუწოდა განმარტოს - რა ხელშეკრულება გააფორმა, მიმდინარეობს თუ არა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოლაპარაკება და რა ეტაპზეა ის.

ბეჭდვა