კოალიცია „ქართული ოცნება“ 27 მაისის აქციაზე ხალხის რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოყვანას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა
მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, კოალიცია რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად ტრანსპორტით უზრუნველყოფას არ გეგმავს.
„დარწმუნებული ვარ, 27 მაისს ბევრი ადამიანი ჩამოვა, თუმცა, არც თბილისიდან და არც რეგიონებიდან ძალით არავის ჩამოვიყვანთ. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ ეს არ გვჭირდება“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მან აქციის დეტალებისა და სამოქმედო გეგმის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
„ქართული ოცნება“ აქციის ჩატარებას 27 მაისს, 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აპირებს.
