პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები თეთრიწყაროში რაიონულ ოფისს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური
კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად გახსნიან. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თეთრიწყაროში ოფისის გახსნა 12 მაისს იგეგმებოდა და კოალიციის ლიდერები - ელისო ჩაფიძე, სოზარ სუბარი და ზვიად ძიძიგური რაიონში ჩავიდნენ, თუმცა, ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ.
ფანჯიკიძის განმარტებით, თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში ოფისის გასახსნელად „ქართულმა ოცნებამ“ ორსართულიანი სახლის მეორე სართული დაიქირავა.
„ოფისის გახსნას წინააღმდეგობა გაუწია დევნილმა, ამჟამად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალურმა აგენტმა თამაზ ელიაურმა, რომელიც მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად უკანონოდ იმყოფება მოქალაქე ბურდულის საცხოვრებელ სახლში - „ქართული ოცნების“ ოფისში“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლიციის განყოფილებას მიმართეს, პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ მივიდა.
ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ელიაურების ოჯახს ამავე სოფელში საცხოვრებელი სახლი აქვთ.
,,ქართული ოცნება“ არ ემსგავსება მოძალადე ხელისუფლებას, რომლებმაც მცირეწლოვანი დევნილი ბავშვები ძალადობრივი მეთოდებით გამოყარა დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ დაიცვან კანონი, გაარკვიონ ელიაურების ცხოვრების სამართლებრივი საფუძვლები და შეწყვიტონ „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტკურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც კანონით ისჯება“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თმით, დღესვე, კოალიცია სახლის მეპატრონესთან გაფორმებულ ყველა დოკუმენტს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის. ასევე, კოალიციის ლიდერები უახლოეს მომავალში გახსნიან ოფისს თეთრიწყაროში და ამ ღონისძიებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებს მიიწვევენ.
