პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით
კოალიციის პოზიცია გააცნო.
მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით კიდევ ერთხელ ცდილობს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონო ჩამორთვის გადაწყვეტილების გადაფარვას.
ფანჯიკიძის განცხადებით, სააკაშვილმა, 2 წლის წინ, თავის „მორჩილ პარლამენტს“ კონსტიტუცაიაში შეატანინა ცვლილება, რომლის თანახმად, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ვერ დაიკავებდა საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ამავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
კოალიციაში მიიჩნევენ, რომ მაშინდელი ეს ცვლილება სააკაშვილის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისადმი გამოცხადებული უნდობლობის მორიგი მაგალითი იყო.
„ამჯერად, პრეზიდენტი სრულიად სხვა ამოცანის წინაშე დადგა. ამიტომ, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ თავხედურად მოქცეოდა კონსტიტუციას და კიდევ ერთხელ მოერგო თავისი პოლიტიკური ინტერესისთვის ქვეყნის ძირითადი კანონი“-განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით, ხელისუფლება ქართულ სამართლებრივ სისტემაში აბსურდს ამკვიდრებს.
„ამ ცვლილებებით თეორიულად შეიძლება ისეც მოხდეს, რომ პარლამენტი და მთავრობა მთლიანად უცხო ქვეყნის მოქალაქეებით დაკომპლექტდეს. სააკაშვილის ეს ახირება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, ვინაიდან პოლიტიკური თვალსაზრისით, სახელმწიფო ანგარიშვალდებული ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ“- განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი უკანონო გადაწყვეტილების დაფარვას სააკაშვილი იმითაც ცდილობს, რომ სასამართლო საქმის განხვილვა, რომელიც ივანიშვილისათვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევას უკავშირდება, უკვე 6 თვეა მიმდინარეობს.
კოალიციაში განაცხადეს, რომ სასამართლო პრეზიდენტის მითითებას ასრულებს და ხელოვნურად აჭიანურებს პროცესს, რათა არჩევნებამდე ივანიშვილმა განაჩენის სტრასბურგში გასაჩივრება ვერ მოასწროს.
