გარეჯის უდაბნოში არსებული ტერიტორია, რომელთან დაკავშირებით ბოლო დღეებში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან დავა წარმოიშვა, საბჭოთა
პერიოდიდან საქართველოს შემადგენლობაში არ არის და ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს პრესკონფერენციაზე დავით გარეჯის ტერიტორიასთან დაკავშირებით წარმოქმნილი გაუგებრობა განმარტა.
კალანდაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება აზერბაიჯანის მონაკვეთს, საგარეო პოლიტიკური უწყება ამ პრობლემას თვალს მაინც ადევნებს.
,,მსგავსი ინფორმაცია ჩვენამდეც მოვიდა, შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, კონსულტაციები გვაქვს აზერბაიჯანულ მხარესთან. აზერბაიჯანის ელჩთან საუბარი იგეგმება“ - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, აზერბაიჯანულ მხარესთან კვლავ აქტიურად მიმდინარეობს საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მუშაობა. ამ საკითხს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფები არკვევენ. მოლაპარაკება აზერბაიჯანის მთავრობასთან შეხვედრების დროსაც იმართება და პროცესი ჯერჯერობით დასრულებული არ არის.
,,მოგეხსენებათ მსგავსი საკითხები გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, შეთანხმებას გარკვეული დრო სჭირდება. იმედია, დელიმიტაციის პროცესი დასრულება და სადავო ტერიტორიები გაირკვევა“ - აღნიშნა მან.
გავრცელებული ინფორმაცით, 6 მაისიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს იმ ტერიტორიაზე არ უშვებენ, სადაც ადრე გადაადგილება თავისუფალი იყო. კონკრეტულად საქმე ეხება, დავით გარეჯის კომპლექსთან ახლოს მდებარე მონასტერს. აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას მხოლოდ სასულიერო პირებს აძლევენ.
