მაია ფანჯიკიძე - ქართული ოცნების რეგიონალური ოფისების შესახებ ინფორმაცია რეალურია
მაია ფანჯიკიძე - ქართული ოცნების რეგიონალური ოფისების შესახებ ინფორმაცია რეალურია
12:26 20.02.2012
"ქართული ოცნების" პრესმდივნის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნინო ბურჯანაძე "ქართული ოცნების" საქმიანობასთან დაკავშირებით რეალურ ინფორმაციას არ ფლობს.
"ქალბატონ ნინოს არ აქვს რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ ან საიდან უნდა ჰქონდეს, ჩვენ ამ საკითხზე დიალოგი არ გვაქვს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ "ქართული ოცნების" ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, უტყუარია ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" 40-ზე მეტი რეგიონალური ოფისი საქართველოს მასშტაბით მომზადებულია და ისინი ამ დღეებში აქტიურ მუშაობას დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" რეგიონალურ ოფისებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს თავისი გარემოცვა არწმუნებს, რომ "ქართული ოცნების" 44 რაიონული და რეგიონული სტრუქტურა უკვე შექმნილია და მუშაობს, თუმცა, ბურჯანაძის ინფორმაციით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
მანვე აღნიშნა, რომ ცალკეულ რაიონებში ივანიშვილის პარტიას ნამდვილად აქვს დასაყრდენი, თუმცა, არა მთელი საქართველოს მასშტაბით. "ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით, ამას ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონმა ბიძინამ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაეყრდნობა არარსებულ სტრუქტურებს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბეჭდვა