სტიქიით გამოწვეულ ზარალზე კახეთში საგანგებო თათბირი ტარდება
სტიქიით გამოწვეულ ზარალზე კახეთში საგანგებო თათბირი ტარდება
18:01 13.05.2012
კახეთში, გურჯაანში საგანგებო თათბირი იწყება, რომელზეც გზებზე ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობასა და სტიქიის შედეგებს შეაჯამებენ.
როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე სპეციალური კომისია მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს სწავლობს და შედეგები უახლოეს საათში გახდება ცნობილი.
მისი თქმით, კახეთში წყალდიდობისა და გზებზე ჩამოწოლილი ნაშალის შედეგად ცენტრალური გზა სერიოზულად დაზიანდა, დაზიანებულია რამდენიმე ხიდი და წყლის სათაო ნაგებობები.
ნიკოლაიშვილის განცხადებით, გზების და ხიდების რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს და სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, მინისტრის თქმით, ცენტრალური გზების დიდი ნაწილი რეგიონში გახსნილია.
„აქაც უკვე საგზაო დეპარტამენტის შტაბია შექმნილი, რომელმაც ტექნიკა რამდენიმე ობიექტიდან მოხსნა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ერთიანი ფრონტით დღეს და ხვალ ის პრობლემა მოვაგვაროთ, რომელიც სოფლებთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ეხება“ - აღნიშნა მან.
მთავრობისგან კონკრეტული დავალებები სოფლების გამგებლებმა, საგზაო დეპარტამენტმა და წყლის კომპანიებმა მიიღეს.

ბეჭდვა