პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში ორთაჭალაში მივიდა და გულუას მოედანზე წუხანდელი უბედური შემთხვევის ადგილები მოინახულა.
„სულ მეშინოდა, რომ დიდი ნალექები მოვიდოდა და რეგიონებში თოვლის დნობაც დაიწყებოდა, მაგრამ თბილისის ცენტრში სტიქია თავს მოულოდნელად დაგვატყდა“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, თბილისში ე.წ ბარაკების ტიპის სახლების აღწერა უნდა მოხდეს და ხალხი სარისკო ზონებში აღარ უნდა ცხოვრობდეს.
მან თბილისის მერს აღწერისა და შესაბამისი პროგრამის მომზადება დაავალა.
„გასაგებია, რომ ხალხი ჩამოდის თბილისში, მესმის რომ სამუშაოს მაძიებლები არიან, ქირაობენ ბინებს და ასეთ პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ ყველაფრი უნდა გავაკეთოთ რომ სარისკო ზონაში ხალხი არ ცხოვრობდეს“ - განაცხადა მან.
წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. ძირითადი უბედურების ზონა ორთაჭალა, გულუას მოედნის მიმდებარე ტერიტორია იყო.
