საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბათუმში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პეტროს ეფთიმიუსს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის გამო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მადლიერია, რადგან ეს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
„წინასაარჩევნო პროცესში საქართველოში გვსურს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ვიხილოთ, რათა მათგან მივიღოთ რჩევები თუ როგორ გავაუმჯობესოთ გარემო და გავხადოთ ის მეტად გამჭვირვალე. არ გვინდა იმ ადამიანებს მივცეთ საშუალება იმოქმედონ, ვისაც საარჩევნო პროცესებისთვის ხელის შეშლა სურს“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეხვედრაზე პეტროს ეფთიმიუსმა საქართველოს პრეზიდენტს ბათუმში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბათუმში ეკონომიკური ფორუმის ჩატარება საქართველოსთვის წარმატებაა.
ეუთოს ეკონომიკური ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს. მას ეუთოს 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი ესწრება. სამუშაო სესია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პეტროს ეფთიმიუსის და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
