საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმს ცვლილებების სიმბოლოს უწოდებს. ამის შესახებ მან ბათუმში მიმდინარე, ეუთოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ხუთიოდე წლის წინ ბათუმში მოუწესრიგებელი გზები და მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო.
„აქ იყო აბსოლუტურად მონოპოლიური მმართველობა. ძალაუფლება ერთი პიროვნების და მის გარშემო არსებული ერთი დაჯგუფების ხელში იყო“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველო რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი და ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოებიდან ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო სადაც პოლიცია ქრთამებით ცხოვრობდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ძლიერ მეზობელთან ომი გვქონდა, რომელიც ჩვენს მთავრობას არ ცნობს, პრაქტიკულად ჩვენი გაძევება სურს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებს, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა მაინც გვქონდა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, წელს ეკონომიკური ზრდა 8%-ს მიაღწევს და მალე კი ორნიშნა მაჩვენებელზე ავა.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა. უმუშევრობა 25%-დან 14%-მდე დავიყვანეთ. როგორც მინიმუმ შემდგომი 2-3 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნება“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
ეუთოს ეკონომიკური ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს. მას ეუთოს 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი ესწრება. სამუშაო სესია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პეტრო ტეფტილიუსის და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
