ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციას ბათუმში, დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ გახსნიან.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელიც მიმართავენ.
კონფერენცია სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ იმართება და მისი მთავარი თემაა - „ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში“.
კონფერენციაზე მომხსენებლები არიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და კატო-ს ინსტიტუტის წარმომადგენელი ანდრეი ილარიონოვი.
თემაზე – „მშვიდობა და ნდობის შექმნა ეკონომიკური და გარემოს სფეროში თანამშრომლობის გზით“ კონფერენციის მონაწილეებს მოხსენებით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგი კაპანაძე, ეუთო–ს კოორდინატორი ეკონომიკურ და გარემოს საკითხებში გორან სვილანოვიჩი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი მიგრაციის საკითხებზე კეტლინ ფერიე.
ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი ჟოაო სოარესი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.
მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრივერა ქობალია და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დევიდ ლი ისაუბრებენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია 14 მაისს დასრულდება. მასში 200-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ბათუმში გუშინ ჩამოვიდნენ.
