„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი თბილისის მერიის მიერ კომპანია "გრინ სერვისთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების ფაქტს დადებით შეფასებას აძლევს.
ხიდაშელის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტია“ მიესალმება ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც კორუფციისა და უსამართლობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და სამართლიანობა გაიმარჯვებს“ - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ეჭვს იწვევს ტენდერებიდან კონკურენტების უსამართლოდ ჩამოცილება.
ხიდაშელმა „გრინ სერვისის“ ელიტური კორუფციის ფაქტების მხილების ფარგლებში, დედაქალაქის მერიისა და "გრინ სერვისთან" თანამშრომლობის კორუფციული სქემა საზოგადოებას 2011 წლის 22 ნოემბერს პრესკონფერენციის საშუალებით აცნობა.
თბილისის მერმა "გრინ სერვისთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ 9 მაისს განაცხადა.
უგულავას თქმით, კიპარისების ნერგების შესყიდვასა და მის თანმდევ მომსახურებაზე თებერვალში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გრინ სერვისმა“ ხელშეკრულების პირობები დაარღვია და სახელმწიფოს მიმართ ნაკისრი ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა. ამდენად, მისივე თქმით, საკითხი დამატებით შესასწავლად სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.
