დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელებენ.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საუბარი მთავრობის მიერ წარდგენილ ახალ ინიციატივებზე იქნება. ამ კვირაში საპარლამენტო კომიტეტები საპენსიო პაკეტის განხილვას დაიწყებენ, რომელიც ძირითადი სოციალური ბენეფიტების ერთიან საპენსიო პაკეტში გაერთიანებას ითვალისწინებს .
ეკონომიკური პროფილის კომიტეტები ასევე განიხილავენ კონკურენციის სააგენტოს შესახებ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც სააგენტო მთავრობის მხრიდან ბიზნესში ჩაურევლობის საკითხსა და კერძო სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს გააკონტროლებს.
დეპუტატებს ასევე მსჯელობა მოუწევთ "სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის 15 თვემდე გაზრდას შეეხება. აღნიშნულ ცვლილებებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს.
ეს კვირა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების კვირაა, ამდენად, დეპუტატები ძირითადად კანონპროექტების პირველი და მეორე მოსმენით იქნებიან დაკავებული.
პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს 15 საათზე გაიმართება.
