ჯონ ბასი - გორდონის განცხადებებს ზოგიერთი მეზობელი ქვეყნისგან არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა
ჯონ ბასი - გორდონის განცხადებებს ზოგიერთი მეზობელი ქვეყნისგან არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა
17:14 11.05.2012
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში  გაკეთებული განცხადებები საქართველოში აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა განმარტა.
დიპლომატის თქმით, ნატო-ს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით გორდონის განცხადებებს ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის დაინტერესება, ზოგის მხრიდან კი, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა.
„სინამდვილეში გორდონმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს სამიტი ტექნიკურად გაფართოებული არ იქნება, რადგან მას ახალი წევრები არ შეემატება, მან განაცხადა, რომ ჩვენ ალიანსის გაფართოებაზე კვლავაც ფოკუსირებული ვართ და როგორც არასდროს ღია კარის პოლიტიკას მხარს ვუჭერთ“- განაცხადა ბასმა.
აშშ-ს ელჩის განმარტებით, გორდონმა განაცხადა, რომ ნატო-ს ოთხი ასპირანტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა და მოლაპარაკებების პროცესი წინ მიდის.
ბასის თქმით, გორდონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ფილიპ გორდონი აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით 10 მაისს გამოვიდა. მან ჩიკაგოს სამიტის წინ ნატო-ს პოლიტიკაზე, პარტნიორებთან მის ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გორდონმა რამდენიმე განცხადება საქართველოზეც გააკეთა.

ბეჭდვა