საზოგადოება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ბიუჯეტის შედგენის პროცესში მხოლოდ ფორმალურადაა ჩართული.
ასეთია ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუტის (NIMD) დაკვეთით მომზადებული კვლევის შედეგი, რომლის პრეზენტაცია დღეს „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
კვლევის - „ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში“ ავტორის ირაკლი ხმალაძის თქმით, ბოლო პერიოდში თვითმმართველობის ორგანოები ცდილობენ მოსახლეობასთან უკეთესი კავშირის დამყარებას და ბიუჯეტის მათ საჭიროებებზე მორგებას, თუმცა, საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის საქმეში უმეტესად პასიურ ხასიათს ატარებს, მას უფრო დამკვირვებლის და არა თანამონაწილის ფუნქცია აქვს.
ხმალაძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეს ამ პროცესში ჩართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის ინტერესთა გარკვეულ ჯგუფს - არასამთავრობო ორგანიზაციას ან პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს და მასში გაერთიანდება.
კვლევა საზოგადოების ჩართულობის ზრდის მისაღწევად გარკვეულ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს. კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ ჩართულობის გასაზრდელად, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ინფორმირებულობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც მედია და ინტერნეტ-რესურსები უნდა გამოიყენონ.
„ასევე უნდა მოეწყოს შეხვედრები მოსახლეობასთან. დაიწყოს საჯარო განხილვა, როგორც ბიუჯეტის პროექტის ისე მისი შესრულების თაობაზე“-აღნიშნა ხმალაძემ.
პროცესის გამჭვირვალობისთვის კვლევის ავტორს მნიშვნელოვნად ცხელი ხაზისა და საფოსტო ყუთების პრაქტიკის დანერგვა მიაჩნია.
