საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ „თავისუფალ სტუდენტთა კავშირთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
„ქვეყანაში შიშის სინდრომია გაბატონებული. მისი დაძლევის გზაზე ყველაზე აქტიურები სტუდენტები უნდა იყვნენ. ყველა ქვეყანაში ასე იყო და საქართველო გამონაკლისი არ არის. კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა სტუდენტურ კავშირებს ტყვეობაში ამყოფებს“ – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ის სიკეთეები, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამებს უკავშირდება, გარკვეული კატეგორიის სტუდენტების პრივილეგიაა და მასში განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტები არ მონაწილეობენ.
მემარანდუმის თანახმად, მხარეები რამდენიმე საკითხზე აპირებენ თანამშრომლობას. მათ შორისა - საქართველოს კონსტიტუციის დაცვა; დემოკრატიული პროცესების განვითარება; მედიის თავისუფლების დაცვა; საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და თავისუფლად წარმართვა; ადამიანის უფლებები; სტუდენტთა და, ზოგადად, ახალგაზრდების უფლებების დაცვა და სხვა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, „თავისუფალ სტუდენტთა კავშირში“ 120-ზე მეტი სტუდენტია გაერთიანებული და მათ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ მხარდაჭერას უცხადებს.
„თავისუფალ სტუდენტთა კავშრის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მეტრეველმა კი აღნიშნა, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბბინად არის გადაქცეული.
