ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციას ბათუმში, ხვალ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ გახსნის.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელიც მიმართავენ.
კონფერენცია სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ გაიმართება და მისი მთავარი თემაა - „ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში“.
კონფერენციაზე მომხსენებლები არიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და კატო-ს ინსტიტუტის წარმომადგენელი ანდრეი ილარიონოვი.
თემაზე – „მშვიდობა და ნდობის შექმნა ეკონომიკური და გარემოს სფეროში თანამშრომლობის გზით“ კონფერენციის მონაწილეებს მოხსენებით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგი კაპანაძე, ეუთო–ს კოორდინატორი ეკონომიკურ და გარემოს საკითხებში გორან სვილანოვიჩი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი მიგრაციის საკითხებზე კეტლინ ფერიე.
ენერგო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი ჟოაო სოარესი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.
კონფერენციაზე, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრივერა ქობალია და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დევიდ ლი ისაუბრებენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია 14 მაისს დაასრულებს მუშაობას.
