საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ვარიანტი უნდა მიიღოს, რომელიც მათ მოამზადეს.
„ქრისტიან–დემოკრატების“ მიერ მომზადებული ალტერნატიული წინადადება ასეთია - 2015 წლის 1 იანვრამდე პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ასევე სარგებლობენ პირები, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში, 10 წელი უცხოვრიათ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.
ჟუნალისტებთან საუბარში „ქრისტიან–დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ მათ ამ საკითხზე უმრავლესობასთან კონსულტაციები ჯერ არ ჰქონიათ და ამდენად, მათი პოზიცია არ იციან.
პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით კი, საქართველოში ცხოვრების ბოლო 3 წლიანი ვადა 10 წლიანი ვადით შეიცვალა. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა.
