ცაგარეიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები სააკაშვილის ხასიათზეა დამოკიდებული
ცაგარეიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები სააკაშვილის ხასიათზეა დამოკიდებული
13:03 11.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მდივანმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა.
ცაგარეიშვილის თქმით, ბოლო დღეებში პარლამენტში აბსურდული ვითარებაა შექმნილი და უმრავლესობას და ე.წ. უმცირესობას თავად ვერ გაურკვევია რა ჩაწეროს კონსტიტუციაში – 3 წელი, 10 წელი თუ უვადო.
„ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული დილით რომელი ფეხით ადგება უმრავლესობისა და ე.წ. უმცირესობის ბელადი მიხეილ სააკაშვილი. თუ იგი საწოლიდან მარჯვენა ფეხით წამოდგა, შეიძლება კონსტიტუციაში ლოგიკასთან და ჭკუასთან ახლოს მდგომი ჩანაწერი გაჩნდეს, ხოლო თუ მარცხენა ფეხით ადგა, მაშინ ისეთ ჩანაწერს გააჩენენ, რომელსაც ვერავინ ვერ მიხვდება“– განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ხოტბას შეასხამდა უმრავლესობის მიერ მოფიქრებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, მაგრამ ოპოზიცია მათ თამაშსს არ აჰყვა.
პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ“.



ბეჭდვა