ბიძინა ივანიშვილის ქონება რუსეთში მაისის ბოლომდე გაიყიდება
ბიძინა ივანიშვილის ქონება რუსეთში მაისის ბოლომდე გაიყიდება
12:13 11.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ქონება რუსეთში მაისის ბოლომდე გაიყიდება. ამის შესახებ ივანიშვილმა  ლიბერალ ინტერნაციონალის დელეგაციის წევრებთან არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეც დღეს გავიგე ბოლო ინფორმაცია ბანკის შესახებ, თუმცა, მე ვიცოდი რომ ბანკი იყიდებოდა, ვადასტურებ ამას. სულ მალე რუსეთში ჩემს ქონებაზე დანარჩენ ინფორმაციასაც გაიგებთ. მგონი მაისის ბოლომდე ყველაფერი გაიყიდება. საინტერესოა მერე კუდს რაღას მოაბამენ, როდესაც რუსეთთან არავითარი კავშირი აღარ მექნება“ - განაცხადა მან.
რუსული მედიის ცნობით, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ბანკი „რასიისკი კრედიტი“ კერძო ინვესტორთა ჯგუფს 352 მილიონ აშშ დოლარად მიყიდა.
მყიდველები ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია „ლანიტ-ის“ პრეზიდენტი გიორგი გენსი, ბანკ „გლობექსის" ყოფილი მფლობელი ანატოლი მოტილევი და სადაზღვეო კომპანიის ყოფილი მფლობელი ბორის ხაიტი არიან. აქციებს, ასევე, ფლობენ კერძო პირები ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკოიანოვი და ვლადიმერ ფაეროვიჩი.

ბეჭდვა