პრეზიდენტი მთავრობას მივლინებების შეზღუდვას და პროცესების კომპიუტერით მართვას ურჩევს
პრეზიდენტი მთავრობას მივლინებების შეზღუდვას და პროცესების კომპიუტერით მართვას ურჩევს
10:47 11.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს საზღვარგარეთ მივლინებების რაოდენობის  შეზღუდვა და ზოგიერთი პროცესის კომპიუტერისა და ინტერნეტის საშუალებით მართვა ურჩია.

როგორც პრეზიდენტმა ყვარელში „კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პრეზენტაციაზე განაცხადა, ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა, ამიტომ მივლინებების შეზღუდვა მთავრობას საბიუჯეტო თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს.

სააკაშვილმა ყვარელში კომპიუტერის ცოდნისა და უნარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და „კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“ მეცხრამეტე საუკენეში ჩამოყალიბებულ „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ შეადარა.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე განაცხადა, რომ ეს პროექტი საქართველოს სოფლების კომპიუტერებითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მისი თქმით, სოფლების 80% ინტერნეტით აღიჭურვება, ხოლო თბილისი WI-FI სისტემით (უსადენო ინტერნეტით) სრულად დაიფარება.

ბეჭდვა