საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ სოჭში დაგეგმილ ტერაქტებში საქართველოს ირიბად დადანაშაულებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურები, მაღალჩინოსნები და ე.წ. „ანონიმური წყაროები" მსგავს აბსურდულ და უსაფუძვლო პროპაგანდისტულ განცხადებებს რეგულარულად ავრცელებენ. ამასთან, სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ მათ ბრალდებების დამადასტურებელი, თუნდაც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება ვერც ერთხელ წარმოადგინეს.
გარდა ამისა, განცხადების თანახმად, რუსეთის მხარეს ეს ან მსგავსი თემა ჟენევის მოლაპარაკებებზე, სადაც სწორედ ასეთი საკითხები განიხილება, არასოდეს დაუყენებია.
„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ეს განცხადება იმის ფონზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების დაგეგმვა გრძელდება“ - განაცხადეს სამინისტროში.
საგარეო უწყება მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატურ რეაქციას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
როგორც ცნობილია, რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადების თანახმად, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის“ მეთაური დოკუ უმაროვი მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ სპეცსამსახურებთან. ეროვნულმა კომიტეტმა ოლიმპიურ ქალაქ სოჭში ტერაქტების განხორციელების თაობაზე ბოევიკების გეგმის აღკვეთისა და დიდი ოდენობით იარაღის, მათ შორის, საზენიტო სარეკეტო კომპლექსების ამოღების შესახებ განაცხადა. განცხადების თანახმად, აღნიშნული გეგმის განხორციელებას და შესაბამის სამუშაოებს კოორდინაციას უმაროვი უწევდა. სპეცსამსახურებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 4-5 მაისს, აფხაზეთში იარაღის, ასაფეთქებელი საშუალებების, საბძოლო მარაგისა და ტერაქტისთვის საჭირო სხვა მასალის ათი სამალავი აღმოაჩინეს.
