სასტუმრო „ვერე პალასში“ დღეს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ კლიპის, სლოგანისა და სააგიტაციო გაზეთის პრეზენტაცია შედგება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან“ აცნობეს, ედპ-მ პარტიის პროგრამა განაახლა და მისი ძირითადი ნაწილი დასაქმების პროგრამას ეთმობა.
პარტიის ახალ პროგრამას „დასაქმებული საქართველო“ ეწოდა.
პარტიაში აცხადებენ, რომ განახლებულია პარტიის შემადგენლობაც, მაგრამ მთავარი იდეოლოგიური საფუძვლები - ეროვნული ინტერესები უცვლელი დარჩა.
„ჩვენ შევდივართ საქართველოს ყველა ოჯახში ედპ-ს განახლებული პროგრამით, რომელმაც ასახვა პარტიის კლიპში, სლოგანსა და სააგიტაციო გაზეთში ჰპოვა“- აცხადებენ „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში“.
პარტიის განახლებული პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ მიღება გაიმართება.
