თარგამაძე ხელისუფლებას “ქართუ” ბანკთან მიმართებაში უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს
თარგამაძე ხელისუფლებას “ქართუ” ბანკთან მიმართებაში უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს
18:47 10.05.2012
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას “ქართუ” ბანკთან მიმართებაში უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.  ამის შესახებ თარგამაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნაკლებად აინტერესებს, რომელი პოლიტიკური პარტია დგას “ქართუ“ ბანკის უკან და ან მისი ანგარიშებიდან ვის ანგარიშებზე ირიცხება მილიონები.
მისი თქმით, იგი მხოლოდ ქართული საბანკო სისტემის სტაბილურობითა და საფინანსო სისტემის მდგრადობით ინტერესდება.
თარგამაძეს მიაჩნია, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ერთი კონკრეტული ბანკის მიმათ სახელმწიფო სტრუქტურებმა და მათ შორის ეროვნულმა ბანკმა გამოავლინეს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
“ეს არის სახელმწიფო უპასუხისმგებლობის გამოვლენა. იმაზე აპელირება, რომ ნოდარ ჯავახიშვილი ძველი ბანკირია თუ ახალი, უსუსური თავის მართლების მცდელობაა. აქ საუბარია ხელისუფლების დამოკიდებულებაზე კერძო კომერციულ სტრუქტურასთან, განსაკუთრებით ბანკთან, რომლისადმი ნდობაც ძირითადი ფაქტორია საქართველოში საფინანსო სისტემის მდგრადობის” – განაცხადა თარგამაძემ.
მან ეროვნულ ბანკს მოუწოდა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არ მოექცეს.

ბეჭდვა