ბაღათურია აკაკი ბობოხიძისა და აზერ სულეიმანოვის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს
ბაღათურია აკაკი ბობოხიძისა და აზერ სულეიმანოვის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს
17:51 10.05.2012
პარტია "ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 24 აპრილს პარლამენტში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გადასცა.

პარლამენტში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას ბაღათურიამ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ქსენოფობიურ ტენდენციებზე და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა.

ჟურნალისტებთან საუბარში ბარათურიამ განაცხადა, რომ 15 დღეა გასული იმ სამარცხვინო საქციელიდან, რაც უმრავლესობის წევრებმა აზერ სულეიმანოვმა და აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე ჩაიდინეს.

24 აპრილს პარლამენტში ინციდენტი მოხდა, მაშინ აზერ სულეიმანოვმა ბაღათურია “სომეხ კოლეგად” და “ბაღათურიანად” მოიხსენია.
ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, ხელისუფლების არც ერთ წევრს, მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ ფაქტის გამო ბოდიში არ მოუხდია.

დეპუტატის თქმით, არასამთავრობო სექტორმა მასთან შეხვედრისას აზერ სულეიმანოვისა და აკაკი ბობოხიძის პარლამენტიდან გაწვევის საკითხი დასვეს.

მისი განმარტებით, წინა მოწვევის პარლამენტიდან ტელეკომპანია “თირიალეთის” მფლობელი, დეპუტატი ბადრი ნანეტაშვილი იმ მიზეზით გაიწივიეს, თითქოს ის ტელეკომპანიის ბიზნესს ხელმძღვანელობდა.

ბაღათურიას თქმით, ახლა არა მხოლოდ კანონის დარღვევაა სახეზე, არამედ კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევა და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა, სიძულვილი, თავდასხმა, ხულიგნური გამოხტომა.

„ორივე დეპუტატი პარლამენტიდან უნდა იქნეს გაწვეული. ეთნიკური ნიშნით ვერც სომხების, ვერც ქართველების, ვერც რუსების და ვერც სხვების შეურაცხყოფას ვერ დავუშვებთ. ეს სამარცხვინო საქციელია” -- აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

ბეჭდვა