„ქართული ოცნება“ მერიას 27 მაისს დაგეგმილ აქციაზე დაკვირვებას სთხოვს
„ქართული ოცნება“ მერიას 27 მაისს დაგეგმილ აქციაზე დაკვირვებას სთხოვს
17:47 10.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნება“ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, თბილისის მერიას სთხოვს 27 მაისს დაგეგმილ აქციას საკუთარი წარმომადგნელით დააკვირდეს.   ამის შესახებ კოალიციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ქუცნაშვილის განმარტებით, შესაბამისი წერილით კოალიციამ დედაქალაქის მერიას 8 მაისს მიმართა, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღია.
ადვოკატის თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, მერია, როგორც ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ვალდებულია მოქალაქეების დაიცვის მიზნით აქციაში ერთგავრი ორგანიზატორის როლი შეასრულოს.
როგორც ქუცნაშვილმა განმარტა, არ არის გამორიცხული, რომ 27 მაისს დაგეგმილ აქციაზე გარკვეულმა ძალებმა პროვოკაციები განახორციელონ. შესაბამისად, თუ აქცია კანონის ფარგლებს გასცდა, მერიის უფლებამოსილმა პირმა ეს უნდა დააფიქსიროს და ვითარების ესკალაცია არ დაუშვას.
„შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეთა დაცვა სახელმწიფოს პოლიტიკური ვალდებულებაა. მერიის წარმომადგენლემა, თუ არ დაიცავს, ის ფაქტი მაინც უნდა დააფიქსიროს, რომ პროვოკაციას გარეშე პირებისგან ჰქონდა ადგილი და არა აქციის მონაწილეების მხრიდან“-განაცხადა ქუცნაშვილმა.
ადვოკატის თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად სწორედ 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციით დაიწყებს. აქციას კოალიციის ყველა ლიდერი დაესწრება.
„ქართული ოცნება“ აქციაზე 70 ათასამდე მონაწილეს ელოდება.

ბეჭდვა