,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს, მრეწველთა პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს მისი მისამართით გაკეთებული განცხადებებისთვის მადლობას უხდის.
,,ეს იმას ნიშნავს, რომ არ ეშინია იმის თქმის, რასაც ფიქრობს, მიუხედავად იმისა, როგორია სხვადასხვა საკითხისადმი კოალიციის წევრთა აზრი“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ბურჯანაძემ.
ზურაბ ტყემალაძემ დღეს, პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძის მისამართით პოზიტიური შინაარსის განცხადებები გააკეთა. რაც შეეხება იმას, ნიშნავს თუ არა ეს განცხადებები კოალიციაში ტყემალაძის მხრიდან ბურჯანაძის ლობირებას, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას კოალიციაში შესვლის სურვილი არ აქვს.
,,როდესაც მრეწველებს ვხვდებოდით, საუბარი არა კოალიციაში შესვლაზე, არამედ, ერთიანი ოპოზიცური ფრონტის შექმნაზე გვქონდა“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ერთიანი ოპოზიცური ფრონტის შექმნა საჭირო არა სახალხო კრებისთვის, არამედ, ხელისუფლების შესაცვლელად არის აუცილებელი.
