პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ და „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის მხრიდან, ბურჯანაძესა და ხელისუფლებას შორის გარიგების შესახებ განცხადების გაკეთებას გამორიცხავს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს სანიკიძის საგაზეთო ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა.
ბურჯანაძე განმარტავს, რომ სანიკიძის ინტერვიუს არ გაცნობია, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავს მისი მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთებას.
„როგორი შრიფტითაც უნდა იყოს დაწერილი, საკუთარი ყურითაც, რომ მოვისმინო არ დავიჯერებ. ვიტყვი, რომ ეს არის ფალსიფიცირებული ჩანაწერი და დოკუმენტი. კატეგორიულად გამოვრიცხავ, სანიკიძე ბიწაძესა და ხელისუფლებას შორის შესაძლო გარიგების შესახებ ასეთ არაკაცურ განცხადებას არ გააკეთებდა“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
გაზეთში დღეს გუბაზ სანიკიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ბადრი ბიწაძეს ახსენებს და ბურჯანაძესა და ხელისუფლებას შორის გარიგებაზე გარკვეულ მინიშნებებს აკეთებს.
