„ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიუღებელია
„ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიუღებელია
16:47 10.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებას გულისხმობს, მიუღებელია.  ამის შესახებ კოალიციის იურიდიული ჯგუფის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით ხელისუფლება იმის წარმოჩენას ცდილობს, თითქოს, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის უფლებები არ ილახება. კოალიცია კი, ივანიშვილისთვის არამხოლოდ საარჩევნო უფლების, არამედ მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს.
„ნუ გვაძლევს იმას, რაც არ მოგვითხოვია და მოგვეცით ის, რაც გვეკუთვნის“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ადვოკატის განმარტებით, საარჩევნო უფლება არ გულისხმობს ბევრ სხვა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს აქვს.
მაგალითად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს არ აქვს უფლება შექმნას ან დააფუძნოს პოლიტიკური პარტია, ის ვერც რეფერენდუმსა და პლებისციტში მიიღებს მონაწილეობას, მასზე არ ვრცელდება სახელმწიფოს ვალდებულება მფარველობის შესახებ, ვერ შეიძენს კერძო საკუთრებას საქართველოში და სხვა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვითომდა კომპრომისული შეთავაზებებით, ხელისუფლება თავად შევიდა ჩიხში.
„ჩვენ ამ ჩიხიდან გამოსვლის ორ გზას ვთავაზობთ მათ - მისცენ ივანიშვილს მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით, ან გასული წლის 11 ოქტომბერს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა დაუბრუნონ“ - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება დისკრიმინაციული და უსამართლო იქნება, ამავე დროს, ის დროებით იმოქმედებს.
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოში დაბადებულ ნებისმიერ პირს ექნება, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეა და ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.

ბეჭდვა