დე ფაქტო აფხაზეთი ტიშკევიჩთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს
დე ფაქტო აფხაზეთი ტიშკევიჩთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს
16:21 10.05.2012
ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში შექმნილი კომისიის თანათავმჯდომარეები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას დღეს სოხუმში შეხვდნენ.   ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

შეხვედრა დახურული იყო და მას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებს ეხებოდა, მათ შორის განხილული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების საკითხი.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ კი განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრები ჟენევის მოლაპარაკებების დროს ტრადიციულად იმართება.

„ჟენევის მოლაპარაკებების წინ მსგავსი შეხვედრები ტრადიციულად თბილისში, ცხინვალში, სოხუმში და მოსკოვში ტარდება. თუმცა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ანჟეი ტიშკევიჩთან დაკავშირებით ჩვენ გაუთვალისწინებელი და რთული ვითარება გვაქვს. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ არ ვაპირებთ მასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას“ - განაცხადა მინისტრმა.

ტიშკევიჩი ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

ამასთან, ჩირიკბას თქმით, შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიაზე დაგეგმილ განსახილველ საკითხზეც იმსჯელეს, რომელიც ტერმინ - ოკუპაციას შეეხება.

„ჩვენ გვსურს გავარკვიოთ, რას ნიშნავს ტერმინი „ოკუპაცია“ საერთაშორისო სამართლის კუთხით, რადგან ქართველები და ამერიკელები ფიქრობენ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიებია. გვსურს გავიგოთ, რამდენად არის დასაშვები მსგავსი განცხადებების გაკეთება საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით“ - აღნიშნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 7-8 ივნისს გაიმართება.


ბეჭდვა