„სახალხო კრების“ წევრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
როგორც „სახალხო კრების“ წევრებმა აღნიშნეს, პრეზიდენტის განცხადება, თითქოს აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი არასდროს ყოფილა და სოხუმზე სიმღერებიც კი არ დაწერილა, აღმაშფოთებელია.
კრების წარმომადგენლის დიმა ჯაიანის განმარტებით, პრეზიდენტის მსგავსი განცხადებები ყველა დევნილისთვის შეურაცხმყოფელია.
„სააკაშვილი ერთხელ მაინც რომ ყოფილიყო აფხაზეთში, არ იტყოდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია არ ყოფილა. მსგავსი განცხადება „სახალხო კრების“ რომელიმე წევრს რომ წამოსცდენოდა საოცარი ბუნტი მოხდებოდა“- განაცხადა ჯაიანმა.
ნანა კაკაბაძე ინიციატივით გამოდის, რომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიცია შეჯერდეს და წერილობითი ფორმით პარლამენტს წარედგინოს.
მოძრაობა „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განმარტებით კი, მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული განცხადება აკადემიკოსებმა და ისტორიკოსებმა უნდა შეაფასონ.
