კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტი ორშაბათს გახდება ცნობილი.
ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა, აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ცვლილებებით საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება.
პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებით კი ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არა აქვს, რადგან ივანიშვილი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა, 2005 წლიდან კი - გადასახადებს იხდის.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ასეთი ფორმულირებით მიიღო: „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ“.
