ქართველი დეპუტატები გერმანიაში დიტერ ბოდენს შეხვდნენ
ქართველი დეპუტატები გერმანიაში დიტერ ბოდენს შეხვდნენ
13:58 10.05.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გერმანიაში ვიზიტისას გერმანელ ექპერტებსა და პოლიტოლოგებს შეხვდა, რომელთა შორის გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენიც იყო.  
საპარლამენტო დელეგაციის წევრი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ადასტურებს, რომ ბერლინში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში ბოდენიც მონაწილეობდა.
ვეფხვაძის ინფორმაციით, დიტერ ბოდენმა საპარლამენტო დელეგაციას შეკითხვაც დაუსვა, რომელიც რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს შეეხებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბერლინში კურტ კიორბერის ფონდში გამართული შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და შიდაპოლიტიკურ რეფორმებზე ისაუბრა. გერმანელი ექსპერტების დაინტერესება გამოიწვია საგარეო პოლიტიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების საკითხებმა. საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ჯერ კიდევ 4 აპრილს აცხადებდა, რომ “დიტერ ბოდენთან ნებისმიერი ფორმით ოფიციალურ დონეზე თანამშრომლობა შეზღუდული იქნებოდა”.
“ბოდენი ილუზორულს და ხორცშეუსხმელს უწოდებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ის თავის საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას მესამე რაიხს და ფაშისტურ გერმანიას ადარებს” - აღნიშნა რამდენიმე კვირის წინ ნინო კალანდაძემ.

ბეჭდვა