კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ალიასთვის“ მიცემული ინტერვიუს დეტალები დღეს პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განმარტა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, სთხოვეს თუ არა, ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემთხვევაში, მას ხელისუფლების ამჟამინდელმა წარმომადგენლებმა ხელშეუხებლობის გარანტია, რაზეც ის „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა, ივანიშვილმა განმარტა:
„ამ შეკითხვას მოკლედ ვუპასუხებ, „ალიას“ ჟურნალისტმა ჩემი კითხვა-პასუხი გადააწყო. მე ამის შემდგომ განცხადება და განმარტება გავაკეთე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან არავითარი პოლიტიკური დევნა არ იგეგმება. აი, მოკლე პასუხი, რაც შეიძლება იყოს. ასე ვიტყვი, ჟურნალისტმა ცოტა გადააწყო ეს კითხვები და პასუხები“.
ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ალიას“ ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით პირველი განმარტება 6 მაისს გააკეთა. მისი განცხადებით, „ალიას“ ჟურნალისტთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკური ნიშნით დევნას არ აპირებს, თუმცა, ივანიშვილს, მისივე განცხადებით, კონკრეტული პირებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემაზე ინტერვიუში არ უსაუბრია.
