„ქართულმა ოცნებამ“ ლიბერალ-ინტერნაციონალს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო
„ქართულმა ოცნებამ“ ლიბერალ-ინტერნაციონალს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო
12:54 10.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თბილისში ვიზიტით მყოფ ლიბერალ-ინტერნაციონალის 17 კაციან დელეგაციას საქართველოში არსებული აქტუალური საკითხები გააცნეს.
კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დელეგაციის წევრი ევროპელი პარლამენტარები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ და გაირკვა, რომ მათ საქართველოზე საკმაო ინფორმაცია აქვთ.
„შეხვედრაზე ბევრი კითხვა დაისვა. ჩვენი მხრივ ყველა მტკივნეულ საკითხზე ვესაუბრეთ. ახლა იმედი გვაქვს, რომ სტუმრები თავიანთ ქვეყნებში საქართველოზე რეალურ ინფორმაციას ჩაიტანენ, რაც დიდ დახმარებას გაგვიწევს, რადგან ობიექტურობა უმნიშვნელოვანესია“- განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პროცესებზე, საარჩევნო კოდექსზე, მედიის თავისუფლებასა და ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიბერალური ინტერნაციონალის 17 კაციანი დელეგაციის წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

ბეჭდვა