ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში შექმნილი კომისიის თანათავმჯდომარეები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას ხვალ, გალში შეხვდებიან.
ამის შესახებ სააგენტო „აპსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანკი ტურუნენი და ეუთო-ს თანათავმჯდომარის წარმომადგენელი პოდრიგ მერფი ჯერ ცხინვალში, შემდეგ კი, თბილისში იმყოფებოდნენ.
თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგი კაპანაძესთან გაიმართა შეხვედრა. როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შესახებ გალში ჩაშლილი მოლაპარაკების მიზეზები განიხილეს.
კაპანაძის ინფორმაციით, თანათავმჯდომარეები სოხუმიდან მოსკოვში გაემგზავრებიან.
ქართული დელეგაცია გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების 36-ე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა, თუმცა, 24 აპრილს შეხვედრა ჩაიშალა. გამოითქვა ვარაუდი, რომ შეხვედრების ჩაშლას შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებისთვის შეექმნა საფრთხე, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, ჯერჯერობით ამის საფრთხე არ არსებობს და ჟენევაში 20-ე რაუნდის გამართვა 7-8 ივნისს იგეგმება.
