მაჭავარიანის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება
მაჭავარიანის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება
18:27 09.05.2012
პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის მტკიცებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო და საპრეზიდენტო  არჩევნებში მონაწილეობაში ხელი არ შეეშლება.

აღნიშნული განცხადება მაჭავარიანმა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს აღნიშნა, რომ საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა, 2005 წლიდან კი - გადასახადებს იხდის.

ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ამ საკითხის მოგვარებაა.

„ჩვენ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ ამ ბატონს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მან განმარტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქრისტიან–დემოკრატებთან“ კონსულტაციები გაიმართება და მათი ფორმულირება დარჩება თუ სხვა არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება.

პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებით კი კონსტიტუციას ასეთი შინაარსის მუხლი დაემატა - „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ“.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, მისი პარტია ცვლილების მეორე მოსმენით განხილვისას საკუთარ წინადადებას წარადგენს, რომელშიც მუდმივი ცხოვრების ვალდებულება არა 10 წლით, არამედ 3 წლით იქნება განსაზღვრული.




ბეჭდვა