საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდებს.
თარგამაძემ ამ წინადადებით ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების კომენტარი გააკეთა.
როგორც ცნობილია, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა, 2005 წლიდან კი, გადასახადებს იხდის. ამდენად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ის საქართველოში არ ცხოვრობდა.
თარგამაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას პარლამენტში ალტერნატიულ წინადადებას დასვამს, რომლის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ათი წელი საქართველოში უცხოვრია, ხოლო ბოლო სამი წელი მუდვმივად ცხოვრობს საქართველოში.
თარგამაძის თქმით, ივანიშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე უმრავლესობასთან საუბარი გაიმართება.
პარლამენტის მიერ, გუშინ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობდა.
