პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსი ხალხის შეურაცხყოფაა
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსი ხალხის შეურაცხყოფაა
12:46 09.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ძალიან ბევრმა ქართველმა მე-2 მსოფლიო ომში თავი იმისთვის გაწირა, რომ ფაშიზმი დამარცხებულიყო. ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობის მხრივ, საქართველო პირველ ადგილზეა.
„დღევანდელი სიტუაციის ცინიზმი გამოიხატება იმაში, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი ხალხების ტერიტორიაზე გაჩნდნენ ოკუპანტები და ოკუპირებული ტერიტორიები. ევროპარლამენტის და ძალიან ბევრი სხვა საერთაშორისო რეზოლუციის თანახმად, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის სამხედრო ოკუპაციას ახორციელებს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს რუსეთის მთავრობის მიერ რუსი ხალხის შეურაცხყოფაა.
„ქვეყანა, რომელიც გამარჯვებული იყო სხვა ერებთან ერთად ფაშისტ ოკუპანტებთან ბრძოლაში, დღეს საერთაშორისო ტერმინოლოგიით თვითონ არის სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპანტი“- აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ოკუპაციისა საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა, რაც წელს საქართველოში რუსი ტურსტების მაქსიმალური რაოდენობით შემოსვლას შეუწყობს ხელს.
„მიუხედავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივ შემაშინებელი გაფრთხილებისა, რომ საქართველოში რუს ტურისტებს საფრთხე ემუქრება, ჩვენ წელს რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების მაქსიმალურ რაოდენობას ველით“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში გაეროს მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრას ესწრება.

ბეჭდვა