პოლიტიკოსები ვაკის პარკში ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავენ
პოლიტიკოსები ვაკის პარკში ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავენ
12:39 09.05.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალო საქართველოს“ წევრებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
როგორც პარტიის ლიდერმა კახა  კუკავამ „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ 9 მაისი ყველაზე დიდ ომში გამარჯვების დღეა, რაც კი, ქართველ ჯარისკაცს გადაუტანია.
მისი თქმით, 700 ათას ქართველს არც ერთ სხვა ომში არ უომია და 300 ათასი ქართველი არც ერთ სხვა ომში არ დაღუპულა.
„ეს არის ყველაზე დიდი ომი, რომელიც ქართველებმა გადავიტანეთ და სრული უფლება გვაქვს, ისევე როგორც უკრაინელებსა და რუსებს, რომ ამ დღეს ვზეიმობდეთ“ - განაცხადა კუკავამ და აღნიშნა, რომ მოსკოვში პეტერბურგსა თუ კიევში ყოველი ფეხის ნაბიჯზეა მონუმენტები და ობელისკები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი მეორე მსოფლიო ომის მოგებით ამაყობს.
მისი თქმით, საქართველოში კი, პირიქით ხდება და ასეთი ობელისკებს ანგრევენ.
კუკავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ომის მოგებას სათავეში ედგა ქართველი გენერალ-სიმუსი იოსებ სტალინი.
პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი კი, საქართველოს უბედურებად თანამედროვე ფაშიზმს მიიჩნევს.
„ჩვენმა მამებმა და ბაბუებმა მე-20 საუკუნის ფაშიზმი დაამარცხეს. ჩვენი მოვალეობაა 21-ე საუკუნის ფაშიზმის დამარცხება“ - განაცხადა შაშიაშვილმა ვაკის პარკში ჟურნალისტებთნ საუბრისას.
მისი განმარტებით, ფაშიზმთან მებრძოლ ომის ვეტერანებს ქვეყანაში სათანადოდ არ ეკიდებიან და შესაბამისად არ აფასებენ.

ბეჭდვა