საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძისა და გერმანიის კანცლერის მრჩევლის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში კრისტოფ
ჰოისკენის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ჩიკაგოს ნატო-ს სამიტი იყო.
ანგელა მერკელის მრჩეველმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი გერმანიის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არ ცნობს.
„ვისაუბრეთ ალიანსთან საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, იმაზე თუ რა სახის პოზიტიური სიგნალი შეიძლება მიიღოს საქართველომ ჩიკაგოს სამიტზე. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების პრობლემები, ქართულ–რუსული ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება“ – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
ბაქრაძემ კრისტოფ ჰოისკენს საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარებისა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
პარლამენტის სპიკერმა, უცხოელი დამკვირვებლების საქართველოში სწრაფად ჩამოსვლის მიზნით, კრისტოფ ჰოისკენს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან შუამდგომლობა სთხოვა.
ბაქრაძე საელჩოში ვოლფგანგ ბიუორნზენის წიგნის „სანიმუშო ადამიანები მცირე ნაკლოვანებებით“ პრეზენტაციასაც დაესწრო.
