საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის გარეუბნების გააქტიურებისა და განვითარების ინიციატივით გამოდის.
მისი თქმით, თბილისის გარეუბნებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, რადგან ხალხი მსგავს ადგილებში შრომის თვალსაზრისით ყველაზე აქტიურია.
როგორც მან გლდანში ცხოვრებაშვილების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, თბილისის გარეუბნებს ყველაზე მეტად სჭირდება მიხედვა.
„თბილისი არ არის მხოლოდ ერთი ცენტრალური ქუჩა. იქაც პრობლემატური და გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ყველა სხვა რაიონს კიდევ უფრო მეტად სჭირდება მიხედვა. ამიტომ ძირითადი აქცენტი გარეუბნებზე უნდა გადავიტანოთ“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკშვილი ცხოვრებაშვილების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და გლდანის პროფესიული კოლეჯის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან კვალიფიციური კადრები საქართველოში დეფიციტურია.
„მაგალითად, კვალიფიციური შემდუღებელი მიიღებს 1000-იდან 3000 ლარამდე ხელფასს. ამიტომ ეს სასწავლებელი პირველ რიგში კვალიფიციურ შემდუღებლებს მოამზადებს“- განაცხდა სააკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გარეუბნებში მცხოვრებ მოსახლეობას პროფესიული გადამზადების შემთხვევაში, დასაქმების კარგი შესაძლებლობა ექნება.
