საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლოა, ბელგიაში, სასამართლო პროცესი გაიმართოს. იუწყება „российская газета“.
წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული საქმის თაობაზე შესაბამისი მასალა მომზადდა და სასამართლო პროცესი ერთ თვეში დაიწყება. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოების ინიციტივა ემიგრაციაში მყოფ უფლებადამცველს მერაბ ბლადაძეს ეკუთვნის.
უფლებადამცველი ბლადაძე, მისივე განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს ბრალს სდებს „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში, 2008 წელს რუსეთთან ომის გაჩაღებაში, ოპოზციის მიმართ სისტემატური რეპრესიების გატარებაში, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაპატიმრებაში, მიტინგებისა და დემონსტრაციების დარბევასა და ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში“.
უფლებადამცველის თქმით, დღეისთვის საქართველოში 93 პოლიტპატიმარია, მათგან 19 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად აღიარა სინდისის პატიმრად.
„ჩვენი ბელგიელი ადვოკატები წარმატებაში დარწმუნებული არიან. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ სააკაშვილი არ დაუშვან ნატო-სა და ევროკავშირის შტაბ-ბინებში“ - განაცხადა ბლადაძემ.
ბელგიის სასამართლოს უნივერსალური იურისდიქციის უფლება აქვს, რომლის საშუალებით, მას შეუძლია დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება.
