„სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრი, 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევისას დაზარალებული ბესიკ ტაბატაძე შვეიცარიის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ტაბატაძის მიერ ბეხლერისადმი მიწერილ წერილშია ნათქვამი.
როგორც ტაბატაძე აღნიშნავს, წერილის მიწერა 2 მაისს ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ელჩის ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა, სადაც მისივე თქმით, ბეხლერმა ხელისუფლების მიერ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქციის დაშლის ფაქტი დაგმო.
ტაბატაძის მიერ ელჩისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული აქციის დაშლის ფაქტს თავადაც გმობს, თუმცა, ორმაგი სტანდარტების გამოყენება მიუღებელია.
„სად ბრძანდებოდით ბატონო ბეხლერ თქვენ 26 მაისს, როცა რუსთაველის გამზირი სისხლით იყო მორწყული? მაშინ, როდესაც რეზინის ტყვიებით, მხუთავი გაზითა და ხელკეტებით შეიარაღებულმა მკვლელებმა სიცოცხლე ოთხ სრულიად უდანაშაულო ადამიანს მოუსწრაფეს, ხალხს თვალები დასთხარეს, ასეულობით უდანაშაულოდ მოქალაქე ციხეებში ჩაყარეს. 42 მათგანი კი, დღემდე უსამართლოდ იხდის სასჯელს. ნუთუ თქვენთვის ბატონო ელჩო ამ შემზარავი ფაქტების შესახებ არაფერი იყო ცნობილი? სად იყო მაშინ ბატონო ბახლერ თქვენი „დაუღალავი“ ზრუნვა დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებებზე, როდესაც ამას დემოკრატიული ქვეყნის ელჩის პირდაპირი მოვალეობა მოითხოვდა?“ - ნათქვამია ტაბატაძის წერილში.
მისივე განცხადებით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უამრავ კანონდარღვევაზე რომ ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა, ხელისუფლება 26 მაისის სადამსჯელო სპეცოპერაციის ჩატარებას ვერ გაბედავდა.
„იმედს ვიტოვებ, რომ ამიერიდან მაინც, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მიერ ჩადენილი არც ერთი უკანონობა არ დარჩება თქვენი და თქვენი კოლეგების ადექვატური შეფასებისა და რეაგირების გარეშე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რეალური და არა ფასადური დემოკრატიის ჩამოყალიბებას“ - აღნიშნავს ტაბატაძე.
„ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლთან 2 მაისს ღამით, ,,ქუთაისქალაქობის” აღსანიშნავად შეიკრიბნენ. მათ ანთებული სანთლებით წარწერა „გილოცავთ ქუთაისობას“ გამოსახეს. აქციის მიმდინარეობისას გზის ფეხით სავალ ნაწილს სატვირთო მანქანა მიუახლოვდა და მშვიდობიანი დემონსტრაცია წყლის ჭავლით დაშალა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი კოალიციის ქუთაისის ოფისში სტუმრობისას ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქციის დაშლის დეტალებით დაინტერესდა.
